დიმიტრი ქუმსიშვილმა და ოთარ დანელიამ ჯიღაურაში ჩინელ ჟურნალისტებს უმასპინძლეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ჩინელ ჟურნალისტებს უმასპინძლეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს, სტუმრებს სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა გააცნეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინელი ჟურნალისტების თვალით დანახული საქართველო ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩინეთის მოსახლეობის ინტერესს გაზრდის.

,,ბოლო წლებში ინტენსიური ხდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, რომელიც 2015 წლის პირველი რვა თვის მონაცემით, საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, საქართველო აქტიურად არის ჩართული აბრეშუმის გზის ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობაში. ჩინეთის მოქალაქეთათვის საქართველოში ჩამოსვლის გამარტივების მიზნით ქართულმა მხარემ შეიმუშავა ელექტრონული ვიზების ინტერნეტ პორტალი (www.evisa.gov.ge). აღნიშნული პორტალის საშუალებით ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში მხოლოდ პასპორტისა და აპლიკაციის მეშვეობით და ელექტრონული ვიზის მიღება ელფოსტით, 5 დღის განმავლობაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორსა და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თანამედროვე ახალი ინიციატივის "ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის" ფარგლებში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დიალოგი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. მისი თქმით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თხილის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა - როგორც ქვეყნის კულტურის, ასევე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ქალაქ პეკინში ქართული ღვინის ხელშეწყობის ცენტრის გახსნა.

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენ მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ სავაჭრო ურთიერთობები. ამის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები არსებობს და ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა, რომელიც ჩვენ გვქონია ამ მასშტაბის. ჩინეთიდან ჩამოსულები არიან ჟურნალისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა. მოგეხსენებათ დიდია ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. ჩინელი ჟურნალისტები თვითონ ეცნობიან ადგილზე, თუ რა არის რთველი. მათ ნახეს ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც წარმოდგენილია ასობით სხვადახვა ჯიშის, ენდემური, უკვე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ჯიღაურას ბაზაზე ჩინელი ჟურნალისტები ვაზის 400-ზე მეტ უნიკალურ ჯიშს გაეცნენ, ვაზის მყნობისა და ნერგების მოყვანის პროცესს, ასევე, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ოთარ დანელიამ ჩინელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ,,ვფიქრობ, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც აქვს. ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიაა, იყოს ევროპისა და აზიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული ხიდი. აბრეშუმის გზის გლობალურ პროექტში მონაწილეობა საქართველოს უნდა დაეხმაროს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, 15-26 სექტემბერს ჩინური მედიის 28 წარმომადგენლისთვის მედიატური იმართება. ტურის ფარგლებში ძირითადი აქცენტი ღვინის ტურიზმზე კეთდება. ჟურნალისტებმა მოინახულეს კახეთის რეგიონი - წინანდალი, ყვარელი და სიღნაღი. ასევე, აჭარის რეგიონი (ბათუმი, გონიო, სარფი), დმანისი, გორი და მცხეთისა და თბილისის ისტორიული უბნები.