საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჩინეთში "ქართული სახლის" დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ჩინური კომპანიის "სოლუნ თრეიდ" გენერალურ დირექტორს ი სიაოძუნის შეხვდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, სიაოძუნიმ ჩინეთის ქალაქ იუში "ქართული სახლი" გახსნა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პალატისა და მისი სერვისების, აგრეთვე "ქართული სახლის" შესახებ. "ქართულ სახლში" წარმოდგენილია ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები, აღნიშნული ობიექტი უკვე სამი თვეა ფუნქციონირებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში. ი სიაოძუნის თაოსნობით უახლოეს პერიოდში დაგეგმილია "ქართული სახლის" პროექტის გაფართოება, რომლის ფართობი იქნება 3000 კვ.მ. და წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული სექტორები: სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა; ტურისტული და კულტურული პოტენციალი, ასევე ქვეყნის საინვესტიციო პროექტების გაცნობა უცხოელი ინვესტორებისათვის მაკეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების საშუალებით.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ბატონი ი სიაოძუნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლად დასახელების საკითხი.  სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჩინურ მხარეს სრული დახმარება აღუთქვა "ქართული სახლის" პროექტის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას უცხოეთში, ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების მოძიებას.