გიორგი აბაშიშვილი: სემეკის თითოეული კანდიდატის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და ისინი დიდ ტესტს უნდა გადიოდნენ

პრეზიდენტი მთავრობას სემეკ-ის წევრობის იგივე კანდიდატებს ხელახლა წარუდგენს და თუ ამ შემთხვევაშიც არ იქნება კანდიდატები შეთანხმებული, კვლავ დაიწყება კანდიდატების შერჩევის ახალი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უარს არ იტყვის სემეკის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.  "კვლავ დაიწყება გამჭვირვალე, ექსპერტთა ჩართულობით პროცესი. დაიწყება სამოქალაქო საზოგადოების მიერ კანდიდატების შერჩევა და განხილვა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, სემეკის თითოეული კანდიდატის შერჩევა საკმაოდ მძიმე და რთული პროცესია და ისინი დიდ ტესტს უნდა გადიოდნენ. კითხვაზე - შეექმნება თუ არა სემეკს პრობლემა თუ კანდიდატების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება, აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ამით სემეკის მუშაობას პრობლემა არ შეექმნება. "ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, იქნება ის, რომ ახლა ეს ორი კვალიფიციური კანდიდატი, კვლავ შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვერ დაემატება სემეკს და არ იქნება ჩართული იმ განხილვებში, რომელიც შეეხება სატარიფო პოლიტიკას", - განაცხადა აბაშიშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა. მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა.