არარსებული სახელმწიფო ქონება, რომელიც ახალციხის მერმა დააზღვია

„პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“

დაახლოებით 5 თვის წინ, ახალციხის მერმა ადმინისტრაციული შენობა დააზღვია, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო. მერმა გიორგი კოპაძემ შენობა სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ 4 000 ლარად დააზღვია. საგულისხმოა, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მისივე შვილი, ელგუჯა კოპაძეა. ინფორმაცია ამის შესახებ მერიასა და კომპანიაშიც დაადასტურეს.

თუმცა, ახალციხის მერია მალე უნდა გადავიდეს საგანგებოდ მისთვის გარემონტებულ შენობაში. მანამდე კი ადმინისტრაცია დროებით არის შეხიზნული შენობაში, რომელიც მერმა, გიორგი კოპაძემ დააზღვია. იურისტების შეფასებით, საქმეში კორუფციული გარიგებისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.

„როცა შენობა შენს ბალანსზე არ არის, მაშინ შენობის დაზღვევისა და თანხის გადახდის უფლება არ გაქვს. სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ამ შემთხვევაში მერს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულება „უნისონთან“ გაეფორმებინა. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, თუ ხელშეკრულებას ხელს სამეთვალყურეო საბჭო მოაწერდა. რამდენადაც ვიცი, მუნიციპალიტეტებში სამეთვალყურეო საბჭოები არ არის. ამ ხელშკრულების დადების წინაპირობა თავიდანვე არ არსებობდა. საქმეში სერიოზული კორუფცია იკვეთება. მერია ფულს იმაში იხდის, რაც მისი საკუთრება არ არის, ხოლო სადაზღვევო კომპანია აზღვევს იმ შენობას, რომლის უკან უფლებამოსილი პირი არ დგას. ორივე მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“, - ამბობს bpn-თან საუბარში იურისტი ციალა რატიანი.

ახალციხის მერიასა და კომპანია „უნისონს“ შორის დადებული ხელშეკრულება (#69) 2014 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა. ეს ინფორმაცია საჯაროა და www.spa.ge-ზეა ხელმისაწვდომი. გიორგი კოპაძემ ახალციხელის ქუჩის ნომერ 2-ში მდებარე შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია 4 000 ლარად დააზღვია. შენობის საბაზრო ღირებულება კი 3 325 800 ლარს შეადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაზღვევის მომენტში შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხებოდა. ის მერიის ბალანსზე 2015 წლის 1 აპრილიდან გადავიდა. გამოდის, რომ ახალციხის მერმა შენობა მისი გადმოცემიდან 3 თვით ადრე დააზღვია.

დარღვევებია ხელშეკრულებაშიც. კერძოდ, ხელშეკრულების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი ძალაშია 2014 წლის 29 დეკემბრიდან (ანუ გაფორმებიდან) 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ხელშეკრულების დასასრულს წერია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.

იურისტების შეფასებით, შესაძლოა, დოკუმენტში ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი. თუმცა, დანარჩენ შემთხვევაში საქმეში კორუფციული სქემის ნიშნები იკვეთება.

კომენტარისთვის სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ დავუკავშირდით. თუმცა, ჩვენს შეკითხვაზე, რატომ დააზღვია კომპანიამ მერიის ბალანსზე არარსებული შენობა, პასუხი ვერ მივიღეთ. „თქვენთან ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, მაშინ სადაზღვევო კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი უნდა ჩაგიტაროთ“,- გვითხრა „უნისონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ბერაიამ.

რაც შეეხება ახალციხის მერიას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურში გვითხრეს, დაზღვევის მომენტში შენობა მერიის ბალანსზე იყო. თუმცა, საჯარო რეესტრში მონაცემების ასახვა მოგვიანებით მოხდა. შეკითხვაზე, რატომ დააზღვიეს შენობა, რომლის დატოვებაც ადმინისტრაციას ძალიან მალე მოუწევს, პასუხი ვერ მივიღეთ.

კოსტავას #18-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოები, სადაც ახალციხის მერია უნდა გადავიდეს, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. სხვათა შორის, ახალ შენობაში გადასვლის შესახებ გიორგი კოპაძე ჯერ კიდევ 2014 წლის 19 ნოემბერს საუბრობდა. თუმცა, ამ განცხადებიდან ერთი თვეში მან შენობა "უნისონში" დააზღვია.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალციხის მერიისთვის განკუთვნილი ახალი შენობის რემონტი დასრულებულია. თუმცა, საკონფერენციო დარბაზი გაურემონტებელი დარჩა. როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის შპს „მშენებელის“ დირექტორმა ირაკლი დონგუზაშვილმა განაცხადა, დარბაზის გასარემონტებელი თანხა არ დარჩა. შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 511356,00 ლარი დაიხარჯა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო.

bpn დაინტერესდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაზღვეული არის თუ არა, ან წარსულში თუ დაუზღვევიათ. ამ შეკითხვით სადაზღვევო კომპანიებს მივმართეთ. თუმცა, მსგავსი პრეცედენტი არც ერთმა არ დაგვიდასტურა.

იურისტებისა და ეკონომისტების თქმით, მსოფლიოში უძრავი ქონების დაზღვევა მიღებული მეთოდია. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ეს არცთუ მომგებიანია.

ნელი ბერიძე, ეკონომისტი: “საქართველო ბუნებრივი კატასტროფების მხრივ აქტიური ზონა, რომ იყოს, მაგალითად, სეისმურად საშიში ან ხშირი წყალდიდობები თუ სხვა ბუნებრივი სტიქიები, მაშინ დაზღვევას აზრი აქვს. საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევები ჩვენთან იშვიათია. შესაბამისად, სახელმწიფოს უძრავი ქონების დაზღვევა ძვირი დაუჯდება. თუნდაც, სტიქიური მოვლენის დროს ერთი შენობა რომ დაინგრეს ან დაზიანდეს, იმის შეკეთება ან ახლის აშენება გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე ყოველწლიურად საკუთრებაში არსებული ქონების დაზღვევა. ამდენად, ეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის არამომგებიანია.“

სალომე გოგოხია