უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ლაოსის დელეგაცია ეცნობა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლაოსის დელეგაცია სტუმრობს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან.

დელეგაციის წევრები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით.  "აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. ვიზიტის მიმდინარეობისას დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას, საზოგადოებრივ ცენტრების მუშაობას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ", - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.