ქმედება, რომელსაც "ფარმადეპო" ახორციელებს, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

ქმედება, რომელსაც ახორციელებს შპს „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელი, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა bpn-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აფთიაქის ექიმების მიერ მხოლოდ ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის შედეგად მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტით გაცემას, “ფარმადეპოს“ საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განახორციელა ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები. სააფთიაქო ქსელში დაფიქსირდა წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 ორი პრიმა მუხლის მიხედვით მეორე ჯგუფს მიკუთვნებული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, მედიკამენტების რეცეპტის საფუძველზე გასაცემი სამკურნალო საშუალებების გაცემა აფთიაქებში ხდებოდა ფორმა ნომერი 3 რეცეპტის გარეშე. შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. სამართვალდარღვევა გათვალისწინებულია წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 37 4 პრიმა მუხლის მესამე პუნქტით, შესაბამისად ეს გახლავთ მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა რეცეპტის გარეშე. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელიც გადაეგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განსახილველად”, - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა bpn-ს აცნობა, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენა ”ფარმადეპოში” მხოლოდ სატელეფონო ზარითა და ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, ანუ სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

როგორც bpn-მა გაარკვია, „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელზე გასცემენ პლასტიკურ ბარათს. ბარათზე დატანილია ცხელი ხაზის ნომერი, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია ექიმთან გაიაროს ონლაინკონსულტაცია, ან ნებისმიერი წამალი ექიმს მხოლოდ სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაწერინოს.

თიკო გურაშვილი