ნოდარ ხადურმა კონფერენცია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა" გახსნა

სასტუმრო "თბილისი რუმსში" საერთაშორისო კონფერენცია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა" მიმდინარეობს.

ერთდღიან ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭო მართავს. კონფერენცია პროექტის "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის" ფარგლებში ტარდება. კონფერენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა. მასში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

დისკურსია ეხება ძირითადად ეროვნული რისკების შეფასებასა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების როლს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვაში.  "მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით, ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ებრძვის ფულის გათეთრებას და ამ მექანიზმებით ტერორიზმის დაფინანსებას. ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ პროცესში. საქართველოს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს დელეგაციები არიან ჩამოსულები და ჩვენთან ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბროლას ეხება. ჩვენთან ერთად ჩვენი კოლეგები არიან სხვადასხვა უწყებიდან. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესს გარკვეულ კოორდინაციას უწევს და ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს და ჩვენ, ასე ვთქვათ, თეთრი ფულით შევძლებთ საინტერესო ინვესტიციების განხორციელებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა.