დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის "Ad Black Sea"-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 24-27 სექტემბერს ბათუმში იმართება. ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ბათუმის მერია.

სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და მათ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ფესტივალები გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფესტივალის გახსნაზე ორგანიზატორების მიერ იმედი გამოითქვა, რომ "Ad Black Sea" მალე დაიკავებს თავის ადგილს ევროპის საფესტივალო რუკაზე და ძალიან მალე შეძლებს, რეგიონული მნიშვნელობის ფორუმად გარდაიქმნას, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს რეკლამის ინდუსტრიის განვითარებაზე.

ბათუმის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩავიდნენ. "4 დღის განმავლობაში ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რაც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეწარმეებისათვის განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტებისაგან. ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდნენ, მოისმინონ და გაიცნონ სარეკლამო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკიდან, გაუზიარონ მათ თავისი ხედვები, ნახონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში", - ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის მიმართულებებია: საგანმანათლებლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც სამი კატეგორიისგან (საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა) შედგება.