აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ აგვისტოში 9.8 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.3 %-ით გაიზარდა და 24.0 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.4 %-ით შემცირდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1 % შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. აგვისტოს თვის წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.8% შეადგინა.