1-ლი სექტემბრისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 4.4%-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის 1-ლი სექტემბრისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 4.4%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი სექტემბრისათვის 13.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.8 მლნ ლარით ანუ 4.4 %-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე აგვისტოში დეპოზიტების მოცულობა 2.4 პროცენტით გაიზარდა).  სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 143.1 მლნ ლარით ანუ 1.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი შემცირდა 0.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 418.6 მლნ ლარით, ანუ 7.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 32.90 პროცენტი შეადგინა - პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით 1.94 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.31 პროცენტული პუნქტით ნაკლები). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.0 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.