"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, კვლევის საანგარიშო პერიოდი 2010-2015 წლებს მოიცავს. მისი თქმით, საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია და 2014 წელს იგი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფს წარმოადგენდა. "ძირითადი ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა ამ კვლევაში, არის შემდეგი, რომ 2013-2014 წლებში გასულ წლებთან შედარებით კონკურენცია ბაზარზე უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, როგორც იმპორტის ისე საცალო და საბითუმო ბაზარზე. კომპანიების რაოდენობა და ასევე სხვა მაჩვენებლები რაც კონკურენციას ზომავს ბაზარზე, გაუმჯობესებულია 2013-14 წლებში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ხარისხის კონტროლი, ფაქტობრივად, ძალიან სუსტია ხარისხის კონტროლი სახელმწიფოში და არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც საცალო ან საბითუმო ქსელში გააკონტროლებს საწვავის ხარისხს და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამას ადასტურებს კონკრეტული მონაცემები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მონაცემები, რომელიც გვიჩვენებს, რომ აღებული 500 სინჯიდან 40%-მდე დაახლოებით სინჯებისა იყო სტანდარტებთან შეუსაბამო. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პრობლემები გადაიჭრას და სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ სექტორს და გააჩინოს გარკვეული მექანიზმი ხარისხის კონტროლისა", - განაცხადა ლევან ნატოშვილმა.

მისი თქმით, კვლევაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, ეს არის ფასების კუთხით პარალელიზმი.  "ჩვენ შევისწავლეთ როგორ იცვლებოდა ადგილობრივი ფასები მსოფლიო ფასებთან შედარებით და ჰქონდა თუ არა ადგილობრივ ფასებს პარალელიზმი. როგორც ჩანს, მსოფლიო ფასებთან მიმართებაში ადგილობრივი ფასები დიდწილად მიყვებოდა ტენდენციას, თუმცა რაც შეეხება კომპანიების საბაზრო პოლიტიკას, ფაქტობრივად იგივე იყო. შესაბამისად, გარკვეული ეჭვები შესაძლოა არსებობდეს", - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი მოთამაშის ფასების ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთდროულად ხდებოდა, რაც კარტელური შეთანხმების არსებობის საფუძველს აჩენს. "გამოკითხულთა 26% საწვავს სხვადასხვა კომპანიებისგან იძენს. 20% "ვისოლის" საწვავს ანიჭებს უპირატესობას, 17% "გალფის" ავტოგასამართ სადგურებში იძენს საწვავს, გამოკითხულთა 16% - "რომპეტროლის", ხოლო 14% - "სოკარის" მიერ მიწოდებული საწვავის მომხმარებელია. გამოკითხულთა 10% საწვავს "ლუკოილში" იძენს. გამოკითხულთა 50%-ის თქმით, საწვავის არჩევისას პრიორიტეტული მათთვის საწვავის ხარისხია, ხოლო 41%-ის განცხადებით, მათი არჩევანი საწვავის ფასზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.