დრო მცირე და საშუალო ბიზნესში

ბიზნესსექტორი შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება - საქართელოში Time Lord-ი ჩამოდის. Time Lord-ის სახელით მსოფლიოში სპიკერს, დროის მართვის მეთოდოლოგიის ( GTD) ავტორსა და მწერალს იცნობენ, დევიდ ალენს - მსოფლიო გურუს, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით წიგნის 2 მილიონამდე ეგზემპლარი გაყიდა.

დევიდ ალენი ავტორია დროის მართვის მეთოდოლოგიის - Getting Things Done, რომელსაც მსოფლიოს წარმატებული ორგანიზაციები იყენებენ, მათ შორის: მსოფლიო ბანკი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ნესტლე და სხვა მრავალი. ამ და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, თავიდან წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა, რომ ალენი თბილისში ჩამოვიდოდა და დროს უკვე ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს დაუთმობდა. თუმცა ღონისძიებას საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტი" ატარებს, გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში მსოფლიო გაყიდვების გურუ - ბრაიან ტრეისი ჩამოიყვანა. მასტერკლასს დელეგატების შეზღუდული რაოდენობა, სულ 350 მსმენელი ესწრებოდა, თუმცა ღონისძიების წარმატებით ჩატარების შესახებ მთელი საქართველოსთვის მალევე ცნობილი გახდა.

საზოგადოებას განსაკუთრებული მოლოდინი აქვს Time Lord ის სტუმრობასთან დაკავშირებითაც. "ფეისბუქ" გვერდზე - David Allen in Tbilisi  მუდმივად სვამენ კითხვას -როგორ ჩატარდება ღონისძიება, ვის შეეძლება დასწრება, იქნება თუ არა ის ტექნიკურად გამართული? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად BPN.GE "პროსპექტის" დამფუძნებელს გუგა კობახიძეს დაუკავშირდა:

"ღონისძიების ჩასატარებლად არაერთი სასტუმრო და საგამოფენო დარბაზი მოვინახულეთ, თუმცა არჩევანი ახლახან გახსნილ სასტუმროზე "ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისზე" შეჩერდა. ფრანგული ბრენდის "ბალრუმი" საუკეთესო აღმოჩნდა სხვა დანარჩენებთან შედარებით და უნდა ვივარაუდოთ, რომ ღონისძიება ყოველგვარი ტექნიკური შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციის გარეშე ჩაივლის. დამსწრეთა რაოდენობას რაც შეეხება, ამჯერადაც შეზღუდულები ვართ. მასტერკლასს ის პირველი 300 ადამიანი დაესწრება, რომელიც ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე განაცხადს შეავსებს. დარწმუნებულები ვართ, რომ თუკი ბრაიან ტრეისის ივენთი გაზაფხულის საუკეთესო მოვლენა იყო, ალენის მასტერკლასი, შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება!"

მასტერკლასის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა არაერთმა კომპანიამ და მედიასაშუალებამ. "პალიტრამედიამ" - Time Lord - ის ვიზიტის შესახებ უკვე ამცნო საკუთარ მკითხველებსა და მსმენელებს. დაინტერესდა ტელევიზია - "მაესტრო" და ყველაზე რეიტინგულმა ბიზნესგადაცემამ - "ბიზნესკონტაქტმა" დევიდ ალენთან ექსკლუზიური ტელე- ინტერვიუს ჩაწერის უფლება მოიპოვა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერაზე ზრუნავს ჟურნალი - "ეგო", "ეგო მენი" , "ფორბსი" და "ფორბს ვუმენ". ღონისძიებას გვერდით უდგანან რადიოები - "კომერსანტი", "ფორტუნა" და "იმედი". ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია კომუნიკაციისა და დიზაინის სააგენტო "რადიკალი", მასტერკლასის გენერალური სპონსორი კი, "პაშა ბანკია", ბანკი, რომელიც მსხვილი პროექტების დაფინანსებით ცდილობს წვლილი შეიტანოს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.

R