ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,  ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ერთობლივად ახორციელებენ.