დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს (AMCHAM), სარა უილიამსონს და აღმასრულებელ დირექტორს ჯორჯ ველტონს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხრიდან აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდში შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და სავაჭრო ურთიერთობების ზრდას ეხება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ,,აბრეშუმის გზის" ფორუმის მხარდაჭერისათვის, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ფორუმს შეერთებული შტატების მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციაში ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

25-29 სექტემბერს ნიუ-იორკში ქართული დღეები-Discover Georgia და საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამერიკის სავაჭრო პალატა მომავალში თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებენ.