"საპარტნიორო ფონდი" ონკოლოგიურის, რესპუბლიკურის და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაში ინვესტორებს იწვევს

თბილისში სამი საავადმყოფოს ოპერირებასა და განვითარებისთვის "საპარტნიორო ფონდმა" წინასაკვალიფიკაციო შერჩევა (PQQ) გამოაცხადა.

აღნიშნული სამი საავადმყოფოა: ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური). სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით.  გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. მთელი პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად.

პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP-ს პრინციპით, (Public-private, partnership – სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა) სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.  პროექტით გათვალისწინებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლების ქსელის დაპროექტება, მშენებლობა და მართვა (კლინიკური მომსახურების და ინფრასტრუქტურული მართვის ჩათვლით).

მონაწილეობაზე განაცხადი უნდა იყოს წადგენილი მხოლოდ კვალიფიციური კონსორციუმებისგან, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ტურის დროს იმ სათანადო გამოცდილების, ცოდნისა და ფინანსური მდგომარეობის დემონსტრირებას და გამყარებას შეძლებენ, რაც სრულად უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, დაფინანსებასთან, აღჭურვასთან და პროექტის ობიექტების მართვასთან დაკავშირებით.