დიმიტრი ქუმსიშვილი: ვაღიარებ, რომ სოციალური პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა

ვაღიარებ, რომ სოციალური პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობა აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით რამდენიმე მექანიზმზე მუშაობს. ეკონომიკის მინისტრმა გადაცემაში იმპორტის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ აღნიშნული ნაწილობრივ იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. "იმპორტის შემცირება ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ საიდანაც შემოგვაქვს საქონელი, იქაც ვალუტის დიდი დევალვაცია მოხდა. ასევე, მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა არის ის, რომ ჩვენ შეგვიმცირდა მოხმარება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მძიმედ ამან იმოქმედა ჩვენზე, ყოველშემთხვევაში ჩემზე და ყველა იმ ადამიანზე, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი აღებული, რადგან ყოველთვიურად გვიწევს გაცილებით მეტის გადახდა, რის შესაბამისადაც ნაკლები ფული გვრჩება თუნდაც დანაზოგის გასაკეთებლად და თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახებს მოვახმაროთ. ეს რეალურად სოციალური პრობლემაა. მე პირადად ამ სოციალურ პრობლემას ვაღიარებ და ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ რამდენიმე მექანიზმზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ამ სოციალური პრობლემის დაძლევა, თუმცა დღეს ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება არასწორი იქნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამის პარალელურად ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის ბოლოს 2,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. "წელს ჩვენ, სავარაუდოდ, დავამთავრებთ 3 პროცენტიანი ზრდით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.