კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ბრიუსელში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს.

თავის მხრივ, "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინულ "ნავთოგაზთან" დამატებითი შეთანხმება დადო და უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. მიღწეული შეთანხმებით, კიევი ათას კუბურ მეტრზე 232 დოლარს გადაიხდის, რაც საწყის ფასზე 20 დოლარით ნაკლებია. გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინულ მიწისქვეშა გაზსაცავებში გაზის ჩატუმბვის მიზნით, დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს.