"თბილსერვის ჯგუფმა" კომპანია "ეკო-სტანდარტი" დააჯარიმა

შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის ათივე მუნიციპალურ რაიონში გეგმური ინსპექტირება განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი სამართალდამრღვევი პირები "თბილსერვის ჯგუფმა" მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დააჯარიმა.  მერიის ინფორმაციით, "ნარჩენების მართვის კოდექსის" 32 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა - კომპანია "ეკო-სტანდარტი," რომელიც დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ეწევა.

შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს შპს "ეკო-სტანდარტს" და სხვა სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განმეორებით განხორციელდება. მერიის განცხადებით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით ვალდებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, "ნარჩენების მართვის კოდექსის" დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.