ხოჭო, რომელიც სადაზვერვო და სამაშველო ოპერაციებს შეასრულებს

რუსმა მეცნიერებმა უნიკალური რობოტი-ხოჭო შექმნეს. "ბიოინსპირებული რობოხოჭოს" დამკვეთი ერთ-ერთი რუსული ორგანიზაციაა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. კომპანიის მოთხოვნით, რობოტს მაქსიმალურად ბუნებრივი ვიზუალი და ქცევები უნდა ჰქონდეს.

"რობოხოჭოს" პროტოტიპად მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკის ბინადარი -Blaberus Giganteus-ი აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ელქტრონული მწერის სიგრძე ათ სანტიმეტრს არ აღემატება, მისი მაქსიმალური სიჩქარე წამში 30 სანტიმეტრია. რობოტს 10 გრამის ტვირთის, მათ შორის მინიატურული კამერის ან სათვალთვალო აპარატის ტარება შეუძლია, და მისი გამოყენება სადაზვერვო ამოცანების შესასრულებლადაა შესაძლებელი. "რობოხოჭო" ეფექტურად იმუშავებს სამაშველო ოპერაციების დროსაც, მაგალითად, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად.

მეცნიერებმა "რობოხოჭოს" პროექტი დეკემბერში უნდა დაასრულონ, იქამდე კი, ელექტრონულ მწერში სანავიგაციო სისტემის ჩამონტაჟებას გეგმავენ, რათა მწერმა წინასწარ გათვლილი მარშრუტით შეძლოს გადაადგილება. აღნიშნული სანავიგაციო სისტემა შედგება აქსელერომეტრისგან, გიროსკოპისა და მაგნიტომეტრისგან, რომლითაც აღჭურვილია ყველა სმარტფონი.

საინტერესოა, რომ მეცნიერები და ინჟინრები პროექტზე დააახლოებით შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ პერიოდის განმავლობაში ცოცხალი ხოჭოების ქცევას აკვირდებოდნენ.