როგორ ვმართოთ საკუთარი ფინანსები 30 წლის ასაკში

მას შემდეგ რაც 30 წლის ასაკს მიაღწევთ, საკუთარი ფინანსების მართვის სტილის შეცვლა მოგიწევთ. მართალია, ეს არ არის ის ასაკი, როდესაც თქვენ პენსიაზე უნდა იფიქროთ, თუმცა, 40-50 წლის ასაკში მძიმე ფინანსური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ექსპერტების რჩევები გავიზიაროთ.

„ბიზნეს ინსაიდერი“ იმ რჩევებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თითოეულმა ადამიანმა 30 წლის ასაკის შემდეგ უნდა იხელმძღვანელოს:

1. 30 წლის შემდეგ თქვენ ნამდვილად უნდა გქონდეთ დანაზოგი, რასაც მოულოდნელი შემთხვევების დროს გამოიყენებთ. ხანდახან თქვენ გგონიათ, რომ რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო ძვირდება თქვენი პრობლემები. ამიტომაც, საჭიროა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დაახლოებით 1000 დოლარი მაინც გქონდეთ შენახული. ასევე წინასწარ უნდა იფიქროთ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებაზე, მაგალითად, სამსახურის შესაძლო დაკარგვაზე, მოულოდნელ სამედიცინო ხარჯებზე და ა.შ.

2. მუდმივად უნდა იყოთ ახალი სამსახურის ძიებაში. წლის განმავლობაში სამჯერ მაინც უნდა გააკეთოთ განაცხადი სხვა პოზიციაზე ან კომპანიაში.

3. არ შეუშინდეთ რისკებს. მას შემდეგ რაც თქვენ 40 ან 50 წლის ასაკს მიაღწევთ, კარიერის შეცვლა ან ახალი პროფესიის დაუფლება ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, ამაზე 30 წლის ასაკში იზრუნოთ.

4. 20 წლის ასაკში თქვენ ძირითადად დაკავებული უნდა იყოთ სწავლით და საკუთარი უნარების განვითარებით. 30 წლის ასაკის შემდეგ კი უკვე ორიენტირებული უნდა იყოთ მეტი თანხის გამომუშავებაზე. კვლევების მიხედვით, 30 წლის მამაკაცებსაც და ქალებსაც ანაზღაურება 60 პროცენტით უფრო მეტი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მანამდე. თუმცა, ამ ასაკში საჭიროა უფრო მეტი თანხის დაზოგვა და ინვესტირებაც.

5. მნიშვნელოვანია ასევე თანხის საკუთარ თავში ინვესტირება. „მოახდინეთ თქვენი შემოსავლების 3 პროცენტის ინვესტირება საკუთარ თავში. თუ თქვენ ინვესტიციას ჩადებთ კარიერულ წინსვლაში, უნარების და ცოდნის გაღრმავებაში, წარმატება გარანტირებული გექნებათ“, - გვირჩევს გაყიდვების გურუ და მრავალი ბიზნეს-სახელმძღვანელოს ავტორი, ბრაიან ტრეისი.

6. დაზღვევა მნიშვნელოვანია. როდესაც 30 წლის ხდება ადამიანი, მან უნდა იზრუნოს საკუთარი ფინანსების, ავტომობილისა და ქონების დაზღვევაზეც. არ დაზოგოთ თანხა კარგ დაზღვევაში. ღირს გადაიხადოთ ძვირი, ვინაიდან რისკები და მოულოდნელი შემთხვევები ყოველთვის არსებობს.

7. 30 წლის ასაკში თქვენ უკვე უნდა გქონდეთ საკუთარი სახლი. თუ თქვენ გეგმავთ, რომ იმუშაოთ იგივე პიზიციაზე კიდევ რამდენიმე წელი, მაშინ დაიწყეთ ზრუნვა ბინის ყიდვისთვის, იქნება ეს იპოთეკა თუ სესხი.

8. დიდი რაოდენობით ვალების ქონა უკვე საშიში ხდება 30 წლის ასაკში. თუ არ ჩავთვლით იპოთეკას, თქვენი ვალი შემოსავლის 20 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს.

9. მართალია 30 წლის ასაკში თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, თუმცა, მაინც აუცილებელია უკვე იზრუნოთ ანდერძის შედგენაზე. იმისათვის, რომ თქვენი ფინანასები და ქონება დაცული იყოს, საჭიროა ანდერძის დაწერა, რომლის განახლებაც შემდეგ დროდადრო საჭიროების მიხედვით უნდა მოახდინოთ.

10. უნდა იზრუნოთ თქვენი შვილების სწავლის საფასურის დაგროვებაზე. შესაძლოა, თქვენ 30 წლის ასაკში არ გყავდეთ შვილი, მაგრამ თუ გყავთ, მაშინ უკვე უნდა იზრუნოთ თანხა დაზოგოთ მისი განათლებისთვის, რათა შემდეგ ერთდროულად არ მოგიხდეთ ამ პრობლემის მოგვარება.