ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
მათივე განმარტებით, 26 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. "ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია. 25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია", - აცხადებენ სააგენტოში.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი - 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. "ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 12,5 ათასი ტ., ყვარელი - 12,2 ათასი ტ, სიღნაღი - 6,7 ათას ტ, ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ, დედოფლისწყარო - 2 ათასი ტ, ახმეტა - 1,5 ათასი ტ და საგარეჯო - 1,7 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge", - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.