დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესსექტორს "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" მიერ მომზადებულ პროექტებს აცნობს

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესსექტორს "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" მიერ მომზადებულ საინვესტიციო პროექტებს აცნობს.

შეხვედრა ბიზნესმენებთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ქუმსიშვილმა განუცხადა, "ინდუსტრიული ჯგუფი" ეკონომიკის სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა, წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი მოამზადა, რომელთა საერთო ჯამური საინვესტიციო შესაძლებობა 80 მილიონი დოლარია, ხოლო მათი სრულად განხორციელების შემთხვევაში ათასი ადამიანი დასაქმდება. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი ფორმატით დაინტერესებულ პირებს, ბიზნესმენებს, ბანკირებს, ფონდებს აღნიშნული პროექტები შევთავაზოთ, მოვუყვებით, თუ რა დაბრკოლებებია აღნიშნული პროექტების განხორციელებაში გადასალახი და როგორ გადაილახება იგი, ასევე რა უპირატესობები ექნება ჩვენს ქვეყანაში ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში და შემდეგ უკვე დაინტერესებულ პირებს მივეხმარებით მათ ცხოვრებაში იმპლემენტაციაში. ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიც არის სინგაპური, ჩინეთი, მალაიზია, ინდონეზია, თავის დროზე გააჩნდათ და გააჩნიათ ინდუსტრიული განვითარების პროექტები, შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან წახალისების შემთხვევაში არის მოლოდინი, რომ მიღწეული იქნება ის დივერსიფიკაცია, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით, სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესსექტორს წარუდგენენ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებულ შემდეგ პროექტებს: ასანთის წარმოება, თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, პაბკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი, დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება, სამკერვალო საწარმო, ტექსტილის წარმოება, კერამიკული ფილების წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო, მუყაოს ყუთების წარმოება, ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, ფოლადის მილების წარმოება და ეთერზეთების წარმოება.