გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი

სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია "გაზპრომთან" თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს.

როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მას შემდეგ, რაც 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა ენერგეტიკის სფეროს აზერბაიჯანული გაზით დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ასაცილებლად საერთო მოხმარებაში არასანდო რუსული გაზის წილი მინიმუმამდე დაიყვანა

. ახლა კი მოლაპარაკება მიმდინარეობს 9 წლის წინ უარნათქვამი რუსული გაზის მოხმარების გაზრდაზე. ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ბუნებრივი აირის მოწოდება დივერსიფიცირებული იყოს და ეს უკვე მიღწეულია, ამიტომაც რუსული გაზის წილის გაზრდა სახიფათო არ შეიძლება იყოს.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის"  პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, შესაძლოა, აზერბაიჯანს აქვს გადაწყვეტილი, საქართველოში გაზის შემოტანა შეამციროს და ამიტომ განიხილება "გაზპრომის" გაზი. მაგრამ თუკი ქვეყანას ბუნებრივი აირი სჭირდება, საუკეთესო ვარიანტია, ირანთან დავიწყოთ მოლაპარაკება, ვიდრე რუსეთთან, რადგან რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის.

ცნობისათვის, კახა კალაძესა და "გაზპრომის" მმართველ ალექსეი მილერს შორის შეხვედრა პარასკევს, 25 სექტემბერს შედგა. როგორც "გაზპრომის" ოფიციალურ საიტზეა განცხადებული, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა და ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ასევე საქართველოს გავლით მისი მესამე ქვეყანაში ტრანზიტის საკითხები განიხილეს. იქვე აღნიშნულია ისიც, რომ 2014 წელს "გაზპრომმა" საქართველოს 0,3 მილიარდი კუბ. მ. ბუნებრივი აირი მიაწოდა. მიღწეულია თუ არა შეთანხმება რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდაზე და რამდენი მილიონი კუბომეტრის მიღებაზეა საუბარი, ეს არ გასაჯაროვებულა. "მთელი კვირა" შეეცადა ენერგეტიკის სამინისტროს დაკავშირებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველო წელიწადში დაახლოებით 1,8-2 მილიარდ კუბ. მ. ბუნებრივ აირს მოიხმარს და მისი უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან სხვადასხვა კონტრაქტებით შემოდის. დაახლოებით 275 მლნ კუბ. მ. შემოდის "შაჰ დენიზიდან" - ნაწილი 55-დოლარიანი (1000 კუბ. მ.-ზე), ნაწილი - 64 დოლარიანი. 150 მლნ კუბ. მ-ს იღებს "გაზპრომიდან" 110 დოლარად. ამას პლუს 900 მლნ კუბ. მ. შემოდის აზერბაიჯანიდან ორი სხვადასხვა კონტრაქტით - 500 მლნ კუბ მ. ე. წ. სოციალური გაზი 189 დოლარად და 400 მლნ კუბ. მ. აირი კომერციული ფასით - 240 დოლარად. რუსული გაზის წილი უმნიშვნელოა. ენერგოკომპანია "გაზპრომი" მხოლოდ 1,5 მილიონი კუბ. მ. გაზის მომწოდებელია და ისიც რუსეთ-სომხეთის ტრანზიტიდან შეღავათიან ფასად მიღებული ბუნებრივი აირია - გატარებული გაზის 10%, ანუ 150 მლნ კუბ. მ. 110 დოლარად. საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზის ფასი იკლებს და მათ შორის საკმაოდ იაფდება რუსული გაზის საფასურიც. რუსეთში 2016 წლიდან გაზის გაიაფებაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს რუსული ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად დაბალი იქნება. როგორც რუსული "კომერსანტი" წერს, 2016-18 წლებში "გაზპრომის" ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 1000 კუბ. მ.-ზე 162-194 დოლარამდე შემცირდება. არადა, 2014 წელს ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 351 დოლარი იყო, 2015 წელს კი - 237 დოლარი.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ჩვენ ბუნებრივი აირი გვჭირდება და თუ მას რუსული კომპანია კარგი პირობებით მოგვაწვდის, ამაში ხიფათი არ იქნება. ხიფათი მაშინ იქნებოდა, ჩვენ ალტერნატივა რომ არ გვქონდეს. ალტერნატივა კი გვაქვს.

"ჩემი აზრით, ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იქნებოდა სომხეთთან ტრანზიტზე. საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს და რუსეთი წლიდან წლამდე ამ პირობების გადახედვას ითხოვს. ნატურით 10% ძალიან კარგი პირობაა და ჩვენი მხარე მუდმივად იბრძვის, რომ ეს პირობა არ შეიცვალოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ განხილვისას ერთ-ერთი საკითხი ეს იქნებოდა. დღეის მდგომარეობით "გაზპრომი" გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ხიფათს არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ ჩვენ აზერბაიჯანიდან გარანტირებული გაზი უკვე გვაქვს," - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში რა საპროგნოზო მაჩვენებლებია, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რა არის დღევანდელი კონიუნქტურა - რუსეთის ძირითადი პარტნიორებისათვის გაზის მინიმალური ფასი 230 დოლარია და ჩვენ ამაზე უფრო ნაკლებ ფასში რატომ მოგვყიდის. "ძალიან ვეჭვობ, რუსეთმა იმაზე იაფად მოგვყიდოს გაზი, ვიდრე აზერბაიჯანმა. ჩვენ წლების განმავლობაში აზერბაიჯანიდან ისეთ დაბალ ფასში ვყიდულობთ გაზს, როგორიც მსოფლიოში არავის არ აქვს და არ მგონია, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს. თუკი შემოგვთავაზებს, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, ამით არაფერი დაშავდება. ასეთი შეხვედრები მუდმივად უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოპონენტებთან ლაპარაკი არის პირველ რიგში საიჭრო, თორემ მეგობრებთან ლაპარაკი საერთოდ არ არის პრობლემა", - დასძენს ხუხაშვილი.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თუ ეს შეხვედრა გაგრძელებაა იმ ხელშეკრულების, რომელიც არსებობდა და საქართველოზე გამავალ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტს უკავშირდება, მაშინ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ თუკი საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდებაზეა საუბარი, მაშინ საკუთარ თავს ვავნებთ. "ნუ დავივიწყებთ, რომ ირანის სახით ახალი შესაძლებლობა გაგვიჩნდა და შესაძლოა ირანი დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგებით. მაშინ, როდესაც ევროპამ მოახერხა რუსული გაზის საკითხის დარეგულირება უკრაინისთვის და უკრაინა გაზით რუსეთის ინტერესების გვერდის ავლით იქნება უზრუნველყოფილი, ამ პატარა საქართველოს ამისთანა რა გაუჭირდება, რომ აზერბაიჯანი და ირანი არ იყოს მისთვის საკმარისი წყარო. ირანს რამდენიმე კვირის წინ ჩამოეხსნა სანქციები და თუ ჩვენ ფეხი ფეხზე გადადებული შევხვდით ამ ფაქტს და ირანი აქტიურ პარტნიორად არ გავიხადეთ, რასაკვირველია, საკუთარ თავს ვავნებთ. უმანკო ქალწულებივით არ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს, როდესაც მისი ჯარი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორაზე არსებულ ენერგომატარებლის ტრასის ნაწილს უკვე აკონტროლებს. თუ "გაზპრომთან" ეს თემაც არ იქნა განხილული, მაშინ ამას თანამშრომლობა არ დაერქმევა, ეს აღიქმება როგორც რუსეთის ზეწოლა და საქართველოს ქვეწოლა. დაველოდოთ ბატონი კალაძის ჩამობრძანებას და მის კომენტარს", - ამბობს ცისკარიშვილი.

ეკატერინე ბასილაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"