საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?

ამ ბოლო დროს იმდენი ტყუილ-მართალი იწერება ლარსა და მის გაცვლით კურსზე, აშკარაა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა როგორც, საზოგადოდ, ეკონომიკის, ასევე ვიწრო საბანკო სპეციალიზაციის კუთხითაც. ანდა, კვალიფიციურთა ერთი ნაწილი დემაგოგიასა და გზის აბნევაზე მუშაობს, რომ ქვეყანამ არასწორი მიმართულებით იაროს და მერე ამ მღვრიე წყალში მსხვილი ღლავები დაიჭიროს.

იმისთვის, რომ ჩვენი ნააზრევი ყველასთვის, მათ შორის, დიასახლისებისთვის, მძღოლებისა და სხვა არასაბანკო სპეციალობების პერსონათათვისაც გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახდეს, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რასაც წონასწორობის მექანიზმი ქვია.

ინფლაციური სასწორი შემდეგნაირად მუშაობს:

ვთქვათ, სახელმწიფოში არის ასი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ფულის ერთეული - ასი ლარი. მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება (ასი ლარი/ას ფეხსაცმელზე) ერთი ლარი. თუ სახელმწიფო მოჭრის დამატებით ას ლარს და გამუშვებს მიმოქცევაში, მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება ორი ლარი (ორასი ლარი/ას ფეხსაცმელზე). იგივე შეიძლება ითქვას დოლარისა და ლარის ურთიერთდამიკიდებულებაზეც. თუ ქვეყანაში ასი ერთეული ლარია და დოლარიც ასი ერთეულია, მაშინ ერთი დოლარის გაცვლითი კურსი უდრის ერთ ლარს (ასი ლარი/ას დოლარზე). თუ ქვეყანაში არის ასი დოლარი და ორასი ლარი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორი ლარი (ორასი ლარი/ას დოლარზე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმოქცევაში ას დოლარი გვაქვს, ლარი კი ორმოცდაათი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორმოცდაათი თეთრი (ორმოცდაათი ლარი/ასი დოლარი).

ეს მარტივი არითმეტიკა იმისთვის გვჭირდება, რომ ეკონომიკაც ასე ზუსტად ასახავს არსებულ რეალობებს და, როდესაც ვალუტის კურსის ცვალებადობაზე ეროვნული ბანკის პეზიდენტი საუბარს იწყებს ბოშა-მარჩიელის ვარაუდების დონეზე და ათასგვარ სისულელეს გვეუბნება შეგნებულად თუ შეუგნებლად, უმჯობესია აქედან დაიწყოს და ქვეყანაში არსებულ ფულადი მასების მოცულობებსა და პროპორციებზე გვითხრას ორიოდ სიტყვა, თორემ უბრალო მეურნემაც იცის მარტივი ჭეშმარიტება: იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმდიდრე დაგროვდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს საჭიროა, საზოგადოდ, წარმოების დონის ამაღლება, ხოლო ვალუტის რეზერვის გასაზრდელად - საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაზრდა. ასევეა საპირისპირო მიმართულებით: თუ შევამცირებთ წარმოებას, შემცირდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ცხოვრების დონე, ხოლო სავალუტო შენატანების შემცირებით - გაუარესდება ეროვნული ვალუტის კურსი.

ეროვნული ბანკის არადაქირავებული ექსპერტების ვარაუდით, დოლარის კურსის გამყარებისა და საზღვარგარეთიდან ვალუტის შემოდინების შემცირების ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უნდა იყოს სადღაც 1,95-2,05-ის ნიშნულზე. სამაგიეროდ, ეროვნულ ბანკს გააჩნია ვარაუდები, თუმცა ის ვარაუდებიც ქადაგიძისთვის სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს.

ვარაუდი N1

- ნავთობზე ფასის ვარდნამ სხვა ვალუტებთან დოლარის კურსის გამყარება გამოიწვია. ნამდვილად საყურადღებო არგუმენტია, მაგრამ იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ფაქტორის გამო დაახლოებით 300-350 მლნ აშშ ნაკლები გვჭირდება ნავთობპროდუქტების შესაძენად წინა წლებთან შედარებით და ამ რაოდენობის ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნის გარეთ.

ამ 300-350 მლნ-მა შეიძლება დააკომპენსიროს ეროვნული ბანკის N2 ვარაუდი - საზღვარგარეთიდან სავალუტო გზავნილების შემცირების გავლენა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ნახევარი წლის სტატისტიკა ეროვნული ბანკის ვარაუდების სასარგებლოდ არ მეტყველებს. დაველოდოთ მთლიანი წლის დასრულებას და წლიურ შედეგებში უფრო ნათელი სურათი გვექნება, ჩემი ვარაუდით, არა ქადაგიძის სასარგებლოდ.

ვარაუდი N3 - ლარის გაუფასურება წარმოების ზრდამ გამოიწვია. ამ ვარაუდმა მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ბოშური გირჩი-მარჩიდან დაწყებული, კაკულია, ვანგა და ათასი მჩხიბავით დამთავრებული. ფული კაპიტალდაბანდებებისა და ინვესტიციების სახით ყოველთვის უსწრებს პროდუქციის წარმოებას და რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს შეიძლება მართლა მოხდეს, მაგრამ ის იმდენად უმნიშვნელოა, ეროვნულ ბანკს შეუძლია რეზერვის ვალუტით დაარეგულიროს ეს საკითხი და მეორეც, საწარმოს ამოქმედებით გამოწვეული შედეგი ორმაგი და ხუთმაგი ეფექტის მატარებელია შიდა პროდუქტის ზრდის, იმპორტის შემცირების, ვალუტის დაზოგვისა და კიდევ სხვა კუთხით. ამ პროცესს ჩვენს ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია, რამეთუ ეკონომიკის დღევანდელი ზრდის პირობებში, დაახლოებით 70-80 წელი დაგვჭირდება ბელგიისა და ჰოლანდიის დონის მისაღწევად და ეს ჩამორჩენა ისე ღრმავდება, შეიძლება შემდგომში ცარცულ და იურულ პერიოდებში გამოისახოს. ამიტომ ყველა არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ წარმოების განსავითარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სხვანაირად ის ხალხი ფიქრობს, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება არ უხარია. სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპონირების კულტურა ჩვენს ქვეყანაში ჩანასახოვან მდგომარეობაშია, რაც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.

იხილეთ გაგრძელება