დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც "საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. "საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა. აღნიშნულზე ბევრი ნაშრომია გამოქვეყნებული. ეს დადასტურებულია მრავალი კვლევით. ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა სინგაპური, ინდონეზია, ჩინეთი და ა.შ. ყველა ამ ქვეყანას თავის დროზე და დღესაც გააჩნდა ინდუსტრიული განვითარების პოლიტიკა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკამ და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველა ამ ქვეყანაში აღნიშნულის მიღწევა სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხდა. მისივე თქმით, თუ ავიღებთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებულ ტრადიციულ მიმართულებებს, რაც ამ ქვეყნებს გააჩნდათ გარკვეული პერიოდის წინ და იმ მიმართულებებს შემდგომში, რითაც მათ მიაღწიეს ზრდას, ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. "შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს და გვიდასტურებს, რომ მხოლოდ მიზანმიმართული ინდუსტრიული პოლიტიკით არის შესაძლებელი მიიღწეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და და შესაბამისად, ის დივერსიფიკაცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ჩატარდეს დარგობრივი კვლევები, მოხდეს კომპანიების ტექნიკური დახმარება და ექსპორტის წახალისება. "ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ქვეყანა მიზანმიმართულად მოტივირებულია, ხელი შეუწყოს დივერსიფიკაციას, იქნება წარუმატებელი შედეგები გარკვეული მიმართულებით და ამის ქვეყანას არ უნდა შეეშინდეს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, აუცილებლად რაღაც შედეგი იქნება უარყოფითი, თუმცა ჯამურად შედეგი აუცილებლად დადებითია და ეს შედეგი ნაჩვენებია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი" შეიქმნა ერთი წლის წინ, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ქუმსიშვილის თქმით, წარმოდგენილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არის დაახლოებით 80 მილიონი დოლარი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირ შესაძლოა დასაქმდეს ათასამდე ადამიანი და დამატებით ასევე შესაძლოა დასაქმდეს რამდენიმე ათასი ადამიანი.