ომის ყოველი დღე უკრაინას 5 მილიონი დოლარი უჯდება. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. "ომი და ტერორიზმი მსოფლიოს უპირისპირდებიან და მსოფლიოში მშვიდობის განვითარებას აფერხებენ. მდგრადი განვითარება მშვიდობისა და თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. უკრაინა თავისი გამოცდილებით დაამტკიცებს, რომ თავისუფლება და მშვიდობა - მთავარი წინაპირობაა ამ მიზნების მისაღწევად. რთულია მიაღწიო მდგრად განვითარებას იქ, სადაც აფეთქებები ხდება და სადაც ადამიანებს კლავენ", - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის შედეგად ინფრასტრუქტურა განადგურდა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის 1/5 კი დაიკარგა. პოროშენკოს თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში ეკოლოგიური საფრთხეები გაიზარდა. "1,5 მილიონი დევნილის კრიზისი - დიდი პრობლემაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მას შემდეგ, რაც უკრაინა დონბასსა და ყირიმზე სუვერენიტეტს აღადგენს, აუცილებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მილიონობით ადამიანი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. უკრაინა ამ რთული ამოცანის შესასრულებლად მზად არის", - განაცხადა პოროშენკომ.
როგორც რუსული სააგენტო "ტასი" იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის დელეგაციამ გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი დატოვა. "ჩვენ დარბაზი პოლიტიზირებული და აგრესიული გამოსვლის გასაპროტესტებლად დავტოვეთ", - განუცხადა "ტასს" დიპლომატიურმა წყარომ.