ISET - ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ბიზნესის განწყობის ინდექსის“ თანახმად, 2015 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა.

გამოკითხული 211 კომპანიის თითქმის ნახევრის ცნობით, ბიზნეს აქტივობისთვის აპრილი, მაისი და ივნისი პრობლემური თვეები იყო. ბიზნესის კეთების მთავარ შემზღუდველ ფაქტორად კი კვლავ არასაკმარისი მოთხოვნა დასახელდა.

„მსხვილი ფირმების 35%-მა ბიზნეს-საქმიანობის ძირითად შემზღუდველ ფაქტორად არასაკმარისი მოთხოვნა დაასახელა; არასტაბილური მოთხოვნის პირობებში ფუნქციონირება განსაკუთრებით უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს მაჩვენებელი SME-ებისთვის 38%-ს შეადგენს“, - ნათქვამია ISET-ის ანგარიშში

ამასთან ერთად, კვლევის თანახმად, 30-ით გაიზარდა მოლოდინების ინდექსი და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 34 პუნქტი შეადგინა.

„ყველაზე იმედისმომცემი სავაჭრო სექტორის განწყობის გაუმჯობესებაა. საცალო ვაჭრობა საწარმოო ჯაჭვის ის რგოლია, რომელსაც პირველს აქვს შეხება მომხმარებელთან და შესაბამისად რეაგირებს. გაუმჯობესება შეინიშნება ეკონომიკის ყველა სექტორში, თუმცა მოლოდინების განსაკუთრებული ზრდა გაყიდვებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში დაფიქსირდა“, - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.