უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ავიასანქციები 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ოფიციალურად აცნობა რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ყველა კომპანიას შესაბამისი წერილი გადაეგზავნა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინაში ფრენების განხორციელება 25 სექტემბერს აუკრძალა. სანქციები დაწესდა 25 ავიაკომპანიის წინააღმდეგ, მათ შორისაა "გაზპრომ-ავია", "ურალის ავიახაზები", "ციმბირი" და უმსხვილესი "აეროფლოტი" და "ტრანსაერო".

ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ფრენების განხორციელების გარდა, რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინის გავლით სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვაც აეკრძალებათ.

რუსეთის ტანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვი სანქციებს იმავე ნაბიჯებით უპასუხებს.