პაატა ჭარაქაშვილის განცხადებით, უკრაინის კრიზისის შემდეგ მწვანილის ბაზარზე ფასების კატასტროფული კლება შეიმჩნევა

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლის, პაატა ჭარაქაშვილის განცხადებით, უკრაინის კრიზისის შემდეგ მწვანილის ბაზარზე ფასების კატასტროფული კლება შეიმჩნევა, რაც ქართველ მწარმოებლებს საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აყენებს.

როგორც ჭარაქაშვილმა დღეს ეკონომიკის მინისტრის, საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სწორედ ამიტომ ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა მიიღო დავალება, ჩაეტარებინა კვლევა და ექსპორტის დივერსიფიკაციის საკითხი გამოეკვლია. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში მწვანილზე მოთხოვნის და ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, პრიორიტეტულ ბაზრად მიჩნეული იქნა ევროკავშირის ბაზარი, სადაც დღემდე მწვანილის ექსპორტი საქართველოდან არ ხორციელდებოდა. ამასთან, პაატა ჭარაქაშვილი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ბაზრის ათვისება სრულიად ახალ თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებს საჭიროებს.

"საქართველოს ზოგადად მწვანილის ექსპორტის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ჩვენთვის იყო რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები. როგორც მოგეხსენებათ, 2008 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში ექსპორტი ნულის ტოლია და მეწარმეები სხვა ქვეყნების მეშვეობით ცდილობენ რუსეთის ბაზარზე შეღწევას, რაც რა თქმა უნდა, პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს. ასევე მეორე დიდ ბაზარზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების და კრიზისის გამო, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა. ამასთან, მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასები", - განაცხადა პაატა ჭარაქაშვილმა.

მისი თქმით, ძირითადი რეგიონი საქართველოში, სადაც მწვანილი მოჰყავთ, იმერეთია, ვინაიდან ამ კუთხეს გააჩნია მწვანილის წარმოებისთვის ყველაზე ოპტიმალური ბუნებრივი პირობები. ჭარაქაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის მწვანილის წარმოების სასათბურე მეურნეობაში დაკავებულია 5 000 ოჯახზე მეტი და წარმოების საერთო პოტენციალი 25 000 ტონას შეადგენს.