ბორჯომში გზების მშენებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა ახალ უბანში ხანძთელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია, რის შემდეგადაც დაიწყო არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა მერჩულეს ქუჩაზე. გზა იგება ასევე თორის II შესახვევში, სადაც ქუჩის მთელ სიგრძეზე ასფალტის საფარი ეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 509 158 ლარით ფინანსდება რკინა-ბეტონის გზების მშენებლობა სოფელ ცემსა და ბაკურიანში. "საკურორტო ზონაში არსებულ სოფელ ცემში, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა შიდა გზის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას", - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

გამგებლის თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ბორჯომში ყოფილი სანატორიუმის "მთის ხეობის", პანსიონატ "ბახტრიონისა" და სადგერში დედათა მონასტრის მისასვლელ გზებზე ასფალტის დასაგებად. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განაპირობებს ბორჯომის, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად გადაქცევას.