ნოდარ ხადური საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს იეშიმ ელჰან კაიალს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. იეშიმ ელჰან კაიალა უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებსა და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საბიუჯეტო, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. როგორც აღინიშნა, ბანკთან გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია, რათა უახლოეს წლებში, საქართველომ უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ამჟამინდელი დირექტორი ქეით ჯულიანი, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.