რუსეთში 738 ტონა სანქცირებული პროდუქტი გაანადგურეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთში, სასურსათო ემბარგოს ფარგლებში, 738 ტონა პროდუქტი გაანადგურეს.

"როსსელხოზნადზორის" ცნობით, განადგურებული პროდუქტიდან 676 ტონა მცენარეული საკვები პროდუქტი იყო.

აკრძალული პროდუქციის პირველი პარტია რუსეთში 6 აგვისტოს გაანადგურეს. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აქტივისტები სთავაზობდნენ ხელისუფლებას, აკრძალული პროდუქცია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის დაერიგებინათ. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განმარტა, რომ სასანქციო პროდუქცია რუსეთში არალეგალური გზით შედის, ამიტომ მომხმარებლისთვის პოტენციურად საშიშია.

რუსეთმა სასურსათო ემბარგო დასავლეთის სანქციებზე საპასუხოდ დააწესა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 ივლისს მოაწერა ხელი. სასურსათო ემბარგო დაწესდა აშშ-ის, ავსტრალიის, ნორვეგიის კანადის, ალბანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, მონტენეგროსა და უკრაინის წინააღმდეგ.