დავით უსუფაშვილი: რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ენერგეტიკის სფეროშიც აუცილებელია მინიმუმის დონეზე

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებელი მინიმუმი გარდაუვალია, - ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს კახა კალაძისა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობის შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში არის სწორი და ის არ არის საფრთხის შემცველი. "ეს პოლიტიკა აგრძელებს იმ სტრატეგიულ გეზს, რაც ქვეყანამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში აირჩია და ეს არის რაც შეიძლება ნაკლები ენერგოდამოკიდებულება რუსულ წყაროებზე. ჩვენ ამ პროცესის გაგრძელებად მიგვაჩნია ერთი მხრივ, ახალი ჰესების მშენებლობა, მეორე მხრივ, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან. ასევე მცდელობები, მოხდეს თურქმენეთის მონაწილეობა იმ პროექტებში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს ირანის მიმართულებით. ირანის სურვილი ევროპის ბაზაზე იაფი ენერგია გაიტანოს, საქართველოს შეიძლება სერიოზულ პოტენციალს უჩენდეს. რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობა ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ენერგეტიკის სფეროშიც არის აუცილებელი მინიმუმის დონეზე და ვერ ვხედავ რაიმე წინაპირობას და გეგმას, რომ ეს შეიცვალოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებსაც მიეწოდება ელექტროენერგია და ჩვენ გვიწევს და მოგვიწევს მსგავსი ურთიერთობები. ამ კონტექტსში პარლამენტის თავმჯდომარემ ენგურჰესის თემაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას უწევს თანამშრომლობა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთანაც.