კახა კახიშვილმა ხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელმა იულიანა დერილოვამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმო გახსნეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური საწარმოს პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. მოეწყო ხის დამამუშავებელი საამქრო, სადაც, 2 წლის განმავლობაში, 6-თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი დასაქმდება. "პრობაციონერთა და მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ვეცდებით, დავასაქმოთ ადამიანები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდებიან. ძნელია, 10 წელი იჯდე და არაფერს აკეთებდე. ეს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს ზრდის. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს მიეცეთ საშუალება დასაქმდნენ და ხელფასით ოჯახები შეინახონ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სამუშაოზე პრობაციონერების შერჩევა მოხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. პრობაციონერებთან ერთად, საწარმოში იმუშავებს პროფესიონალი დურგალი, რომელიც მათ ხეზე მუშაობას შეასწავლის. ბენეფიციარები ანაზღაურების სახით ყოველთვიურად მიიღებენ 350 ლარს.  სოციალური საწარმოს პროექტი გრანტის ფარგლებში 2 წელი გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 98 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. აღნიშნული პროექტი პრობაციონერებს დაეხმარება შეიძინონ ახალი უნარები, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამუშაო, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტიდან გასვლის შემდეგ ბენეფიციარები იქნებიან კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.