მილიონები, რომელიც საქართველოში მანქანების რეექსპორტს მოაქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად მსუბუქი ავტომობილები იაპონიიდან შემოდის, საქართველოდან კი, ყველაზე ხშირად რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება.

2014 წელს იმპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 38%- ით შემცირდა. იმპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობს იაპონია. 2014 წელს იაპონიიდან წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ მეტი ავტომანქანა შემოვიდა და საერთო იმპორტის 39% შეადგინა. იაპონიას მოსდევს გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ექსპორტ-რეექსპორტის ანალიზით ირკვევა, რომ 2014 წელს ქვეყნიდან წინა წელთან შედარებით 38%-ით ნაკლები ავტომანქანა გავიდა. გასული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (51%) და აზერბაიჯანზე (40%) მოდის, თუმცა აზერბაიჯანში გასული ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 60%-ით არის შემცირებული.

5 ყველაზე გავრცელებული ავტომარკის იმპორტის დინამიკიდან ჩანს, რომ MERCEDES BENZ-ის, BMW-ს და MITSUBISHI-ის იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ყველაზე ხშირად იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 10 პოპულარული მარკაა: MERCEDES-BENZ, NISSAN, OPEL, TOYOTA, BMW, HONDA, MITSUBISHI, SUBARU, VOLKSWAGEN, MAZDA.

2014 წელს მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მკვეთრად იმატა და მთელი იმპორტის 33% შეადგინა. ასევე იმატა მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების რეექსპორტმაც, რომელმაც საერთო რეექსპორტის 5% შეადგინა.

რაც შეეხება მარცხენა და მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების თანაფარდობას, 2014 წელს საქართველოში იმპორტირებული მანქანებიდან 66,9% იყო მარცხენა საჭიანი ხოლო 33,1% მარჯვენა საჭიანი. 2013 წელს 85,7% იყო მარცხენა საჭიანი, 14,3% კი- მარჯვენა საჭიანი. 2012 წელს 90,9% იყო მარცხენა საჭიანი, 9,1% კი - მარჯვენა საჭიანი.  მონაცემებით ირკვევა, რომ 2014 წელს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტმა საქართველოში საგრძნობლად იმატა.

რაც შეეხება ავტომანქანების ექსპორტ/რეექსპორტის დინამიკას ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით, 2010-2014 წლებში, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც გადის საქართველოდან მანქანები, მას მოჰყვება სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელგია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები.  საქართველოდან ყველაზე ხშირად შემდეგი 10 მარკის მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი-რეექსპორტი ხდება: MERCEDES-BENZ, OPEL, TOYOTA, NISSAN, VOLKSWAGEN, BMW, LEXUS, MITSUBISHI, HONDA, KIA.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში იაპონიიდან 44 143 ცალი მსუბუქი მანქანა შემოვიდა, რომელთა ღირებულებამ 350 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. იმავე წელს აშშ-დან შემოსული 21 532 ავტომობილის ღირებულება 176 მილიონი დოლარი იყო. ხოლო გერმანიიდან შემოსულმა 18 803 ცალი მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 94 მილიონი დოლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 267 მილიონი დოლარის ღირებულების 17 553 ცალი მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. სომხეთში გავიდა 23 647 ცალი ავტომობილი, რომელთა ღირებულებამ 129 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მათ მოჰყვება ბელგია, სადაც 627 ცალი ავტომობილის ექსპორტი მოხდა და მათი ღირებულება 31 მილიონი დოლარია.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE