კანონი, რომელმაც ძალზე სახიფათო მოვლენისგან უნდა დაგვიცვას

ეს კანონი დაადგენს თამაშის წესებს ბაზარზე და იმას, თუ რამდენით შეიძლება იმპორტიორებმა თავიანთი პროდუქციის ფასი დასწიონ

ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობაზე საქართველოში უკვე წლებია მსჯელობენ, რადგან ეს არის ერთ-ერთი იმ კანონთაგანი, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ და სატარიფო საკითხებს აწესრიგებს.

ქართული წარმოება წლების განმავლობაში იჩაგრებოდა უცხოური დემპინგური პროდუქციისგან, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყნები სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას და გადამამუშავებელ მრეწველობას ყოველთვის სერიოზულ დახმარებას და სუბსიდირებას უწევდნენ. ამის გამო, საქართველოში მცხოვრებ გლეხს, თუ მეწარმეს არაკონკურენტულ ვითარებაში უწევდა საქმიანობა. დღეს ანტიდემპინგური კანონმდებლობის ამოქმედება უკვე რეალობად იქცა. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, თემურ მაისურაძე აცხადებს, სულ მალე გვექნება კანონი, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასების დაწესებას აუკრძალავს.

თემურ მაისურაძე:

"ანტიმდემპინგური კანონი იმისათვის არის საჭირო, რომ გარე მოთამაშეებმა ფასებით არ დაჯაბნონ ჩვენი ეკონომიკური სუბიექტები. ეს კანონი დაადგენს თამაშის წესებს ბაზარზე და იმას, თუ რამდენით შეიძლება იმპორტიორებმა თავიანთი პროდუქციის ფასი დასწიონ. ეს უნდა მოხდეს ჩვენს ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, რომლის ქვემოთაც მათ არ ექნებათ უფლება საქონელი შემოიტანონ. ახლა მთავარია ოქროს შუალედის დაცვა: ერთი მხრივ, მოსახლეობამ რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად უნდა შეიძინოს პროდუქცია და მეორეს მხრივ, მეწარმეს ჰქონდეს საშუალება, რომ განვითარდეს და მოგება მიიღოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს რეგულაციები როგორ შესრულდება, ან როგორი იქნება რეგულაციები საბაზრო სეგმენტში".

თემურ მაისურაძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვარზე აღურიცხავი ნაწარმი შემოჰქონდათ და დემპინგურ ფასებში ჰყიდდნენ: "გამოვყოფდი თამბაქოს ნაწარმს, რომელიც ათიოდე წლის წინ ერგნეთის ბაზრობის გავლით საქართველოში შემოდიოდა. მართალია, ამ ნაწარმის ფასი შედარებით დაბალი იყო, მაგრამ დემპინგის წესი ასეთია: შეიძლება იმპორტიორმა ერთი, ან ორი წლის განმავლობაში წაგებითაც იმუშაოს და როდესაც ყველა კონკურენტს მოსპობს, ბაზარზე თვითონ დარჩეს. პატიოსანი მეწარმეები ვერასოდეს გახდებიან იმ კომპანიების კონკურენტები, რომლებსაც ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირება შეუძლიათ. მე ახლა იმპორტიორებზე გესაუბრებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დემპინგური ფასები ვიღაცამ ქვეეყნის შიგნითაც დააწესოს".

პარლამენტარის თქმით, კანონი იანვრამდე ძალაში შევა, რადგან ის ყველას სჭირდება:

"ეს რეგულაციები საერთაშორისო მნიშვნელობისაა, ის სჭირდებათ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთანაც ოპერირებენ და სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება ადგილობრივ, ქართულ ბიზნესს, ჩვენ არ გვყავს ისეთი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ და უცხო ქვეყნებში პროდუქციას დემპინგური ფასით გაიტანენ. ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობა და ქართული ბიზნესი უნდა დავიცვათ. საქართველოში პროდუქციის შემოტანის მსურველი ბევრია, შესაბამისად, ფასებს დაარეგულირებს არა დემპინგი, არამედ ნამდვილი კონკურენცია. ბუნებრივია, ეს კანონი მხოლოდ არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს შეეხება".

ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოღებას დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე: "ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ დემპინგური ფასების გამოყენების მთავარი მიზანი ასეთია: ერთმა კომპანიამ მოკლას თავისი კონკურენტები და ბაზარზე თვითონ გაბატონდეს. ამიტომ, დემპინგის საწინააღმდეგო კანონის მიღება ხელს შეუწყობს კეთილისინდისიერ კონკურენციას და საქართველოს ეკონომიკური საზღვრების დემპინგური ფასებისგან დაცვას. აქვე ჩნდება ერთი შეკითხვა - ხომ არ გაიზრდება ფასები გარკვეული სახის პროდუქციაზე? - ბუნებრივია, თუ დღეს ვიღაც დემპინგურ ფასებს იყენებს, მისი პროდუქციის ფასი გაიზრდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კანონის მიღება ძალიან მომგებიანია. მე გადაჭარბებული რეგულაციების მომხრე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ეს არის კანონი, რომელმაც ჩვენი ბაზარი იაფფასიანი იმპორტისგან უნდა დაიცვას".

კითხვაზე, ხომ შეიძლება ერთმა იმპორტიორმა მეორე ჩაძიროს დემპინგური ფასების გამოყენებით? ან ადგილობრივი წარმოებები ჩაძიროს? - ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ არსებობს ორი სამსახური: საზღვარზე - საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით - კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უნდა დაიცვას ქართული ბაზარი დემპინგური ფასებისგან. "ამ კანონმა ხელი უნდა შეუწყოს სამართლიანი ფასების რეგულირებას. დემპინგის არსი მარტივია: დავუშვათ, დღეს ვიღაცამ გამოიტანოს და ბენზინი გაყიდოს 1 ლარად, ის ამ ბაზარზე ყველას გააკოტრებს, რადგან თვითონ დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და შეუძლია მიყენებულ ფინანსურ ზარალს გაუძლოს. შემდეგ, როდესაც სხვა კონკურენტები გაკოტრდებიან, თავის პროდუქციას კატასტროფულად გააძვირებს და ზემოგებაზე იმუშავებს. საბოლოოდ, იმ თანხასაც ამოიღებს, რაც ადრე დახარჯა. ამიტომ, ყველა განვითარებული ქვეყანა იბრძვის ამ სახიფათო მოვლენის ანუ დემპინგის წინააღმდეგ. ამერიკაში, მაგალითად, მსგავსი კანონი ჯერ კიდევ 1889 წელს მიიღეს. არა მგონია დღეს საქართველოში დემპინგური ფასებით ბევრი მოქმედებდეს, ამიტომ, ჩემი აზრით, ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებით ჩვენს ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, სამაგიეროდ, ქვეყანა კანონმდებლობით იქნება დაცული დემპინგისაგან", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე