საქართველოში კიტრის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქეთია

საქართველოში წარმოებული ბოსტნეული კულტურების რაოდენობის მიხედვით, კიტრი მეორე ადგილზეა.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები და კიტრის მაღალი კვებითი მახასიათებლები წარმოების განვითარების კონკრეტულ უპირატესობას წარმოადგენს.

კიტრის ძირითადი მწარმოებელი რეგიონები კახეთი, ქვემო ქართლი და იმერეთია.

2010 წელს საქართველოში 28 600 ტონა კიტრი აწარმოეს. 2011 წელს საქართველოში წარმოებული კიტრის რაოდენობამ 25 500 ტონა შეადგინა, 2012 წელს - 38 700 ტონა, ხოლო 2013 წელს - 31 500 ტონა.

რაც შეხება კიტრის წარმოების რეგიონულ მაჩვენებლებს, იმერეთში წარმოებული კიტრის რაოდენობა 10%-ია, კახეთსა და ქვემო ქართლში წარმოებული კიტრის რაოდენობა - 40-40%, დანარჩენ რეგიონებში კი კიტრის წარმოების მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

საქართველოში კიტრი, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, თურქეთიდან კიტრის იმპორტმა 98%, ხოლო ირანიდან - 2% შეადგინა.

2012 წელს კიტრის იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 3 703 ათასი აშშ დოლარი იყო, 2013 წელს კიტრის იმპორტმა 3 958 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს - 4 528 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს კიტრის საცალო საბაზრო ფასი 1.1 ლარიდან 3.4 ლარამდე მერყეობდა. კიტრის ყველაზე დაბალი საცალო ფასი ბაზარზე ივლისში, ყველაზე მაღალი კი მარტსა და თებერვალში დაფიქსირდა.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, კიტრის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰექტარ ფართობზე (სათბური) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 1 850 000 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-4 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) კი - 22%.

შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში კიტრის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.