საზღვაო ნავთობტერმინალებისათვის საჭიროა ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის დროულად ამოქმედება

საზღვაო ნავთობტერმინალებისათვის საჭიროა ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის დროულად ამოქმედება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედი სანავთობო ტერმინალები საკუთარი სიმძლავრეების მეშვეობით ახორციელებენ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვა-გადატვირთვას, რომლის დროსაც ადგილი აქვს პროდუქტის ბუნებრივ დანაკარგებს, წარმოქმნილს უშუალოდ სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისა და ტექნოლოგიური თანმხლები ფიზიკო-ქიმიური პროცესებისას.

"ბუნებრივი დანაკარგების აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება, რათა კომპანიებმა არ გაიღონ გაუთვალისწინებელი ხარჯები, ბუნებრივი დანაკარგების გამო ნავთობტერმინალის მიმართ საჯარიმო სანქციების წაყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენა ეხება ძირითადში ნედლ ნავთობს. სანავთობო ტერმინალები გადასატვირთად ღებულობენ ნედლ ნავთობს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სხვა, სადაც გამოიყენება ტრანსპორტირებისას არსებული ბუნებრივი დანაკარგების ერთიანი რეგიონალური ნორმები. საქართველოში ჯერ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ, რაც ართულებს პროცესს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც პროდუქტის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მაღალია ბუნებრივი დანაკარგები. ცნობისათვის, საზღვაო ნავთობტერმინალების საშუალებით ხდება რამდენიმე ათეული მილიონი ტონა ნავთობის მიღება-გატარება.

2014 წლის 17 სექტემბერს მივმართეთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით „ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების“ დებულების მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, რის შედეგადაც სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ჩვენი კავშირის, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და საკუთრივ სააგენტოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა „ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესახებ“ დებულების პროექტი, რომელსაც ეთანხმებიან საქართველოში მოქმედი ნავთობტერმინალები. სააგენტოს ჩვენი კავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტის მიმართ თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე შენიშვნები არ გააჩნია.

2015 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც ჩვენს მიერ დასმული საკითხი სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული. უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიებს ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის არქონის გამო რიგი პრობლემები ექმნებათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ამავდროულად ამ სფეროში დასაქმებული კომპანიები გახლავთ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, დამსაქმებელი, ინვესტორი კომპანიები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობის კურსი მკვეთრადაა ორიენტირებული ბიზნესის მხარდაჭერაზე, დაცვასა და განვითარებაზე, ხდება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა იმ კუთხით, რომ ბიზნესის საქმიანობა იყოს გამარტივებული. ეს დაკავშირებულია ბიზნესის განვითარებასთან, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასთან, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასთან. მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რათა ზემოაღნიშნული საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.