სურსათის უვნებლობის სააგენტომ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შეამოწმა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ 220 საჯარო სკოლის ბუფეტი შემოწმდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ სკოლაში არ გამოვლენილა, აღინიშნა მხოლოდ მცირედი დარღვევები.  "შემოწმდა 220 საჯარო სკოლის ბუფეტი, შედეგი არის კარგი, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად, ეტაპობრივად გავამკაცრებთ კონტროლს", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შარშან შემოწმების შემდეგ 4 სკოლის ბუფეტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. მისივე თქმით, მიმდინარე წელს უკვე შემოწმდა 881 საბავშვო ბაღი. "სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების შემოწმების პროცესი გრძელდება და შედეგები პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.