ფარმაცევტულ დაწესებულებებში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოვლინდა

შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ დაწესებულებებში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ 2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. "კრაკადილის", "ვინტის" და "ჯეფის" მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.