ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგს აგრძელებს

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგს აგრძელებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა დღეს გასვლითი შეხვედრა გამართა "ქართული ლუდის კომპანიაში", რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა. ფინანსთა მინისტრი კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს გაეცნო. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა. საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოხდება პროდუქციის მარკირება.

"მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მზადაა მარკირების ელექტრონულ წესზე გადასასვლელად. როგორც მოსახლეობას დავპირდით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება პროდუქციის ფასზე, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას და ბიზნესს არ მოუწევს თანხის გადახდა მარკირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს აღრიცხვიანობა, არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"ქართული ლუდის კომპანიის" გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები. "მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო მომსახურების საფასურს გადაიხდის შემოსავლების სამსახური. ჩვენთვის ტექნიკურად სხვა პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა მან.

ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს, რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა მოხდეს. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მათი მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო პროდუქცია არ გაძვირდეს. როგორც აღინიშნა, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე, ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.