ქართულ ენაზე ნათარგმნი ბრაიან თრეისის მეორე ბესტსელერი - ,,გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი" უკვე გაყიდვაშია

,,ლურჯი ოკეანის“ ლოგოს ქვეშ ქართულ ენაზე ცნობილი ბიზნესკონსულტანტის ბრაიან თრეისის მეორე წიგნი გამოვიდა.

,,გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“ გაყიდვების გურუს მიერ შემოთავაზებულ 21 ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიას სთავაზობს მკითხველს. გამომცემლობა ,,პალიტრა L“-ის მარკეტინგის მენეჯერის, სოფო საყევარაშვილის თქმით, ეს წიგნი არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, ბიზნესლიტერატურა არა მხოლოდ დამწყებთათვის, არამედ გაყიდვების სფეროს პროფესიონალებისთვისაც.

ბრაიან თრეისი თავის წიგნში ,,გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“ მკითხველს აძლევს პრაქტიკულ რჩევებს თუ როგორ დაითანხმონ პოტენციური კლიენტები უფრო მეტ და შედეგიან შეხვედრაზე მარტივად; როგორ შეუქმნან კლიენტს მაღალი დონის დადებითი შთაბეჭდილება პირველ ათ წუთში, ასევე როგორ კეთდება უფრო ეფექტური პრეზენტაცია.

,,გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“ „შეჭამე ბაყაყის“ შემდეგ ბრაიან თრეისის მეორე ბესტსელერია, რომელიც ქართულ ენაზე გამომცემლობა ,,პალიტრა L“-მა თარგმნა. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ცნობილმა ბიზნესტრენერმა ქართველი მკითხველისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ წამყვანი ლიდერები კარგი მკითხველები არიან. ,,ყველა სექტორის ბიზნესინდუსტრიის წარმომადგენელთა 20% ყიდულობს თითქმის ყველა შემოთავაზებულ ბიზნესლიტერატურას. მხოლოდ ერთი იდეა კარგი ბიზნეს-წიგნიდან ან სტატიიდან შესაძლოა გახდეს იღბლიანი თქვენთვის და დაგეხმაროთ გაყიდვების გაზრდაში,“-აღნიშნავს თრეისი. გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში გაყიდვების გურუ საქართველოში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს ქართული ღვინის განსაკუთრებულ არომატსა და გემოს.

ბრაიან თრეისი საქართველოში 2015 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა. მან მასტერკლასი ჩაუტარა ეკონომიკის სფეროში დაინტერესებულ 450-მდე ადამიანს.

პალიტრა L-ის მარკეტინგის მენეჯერის, სოფო საყევარაშვილის განცხადებით, ,,ლურჯი ოკეანის“ ლოგოს ქვეშ მკითხველი ახლო მომავალში კიდევ ორ ბესტსელერს გაეცნობა ქართულ ენაზე. ეს იქნება ლიტერატურა დამწყებთათვის - ,,გაყიდვები მარტივად“ და ,,მარკეტინგი მარტივად“ მალე გამოიცემა.

ქრისტინე გამთენაძე