ოთარ დანელია: მასიურად პურის ფასის ზრდა არ დაფიქსირებულა

მასიურად პურის ფასის ზრდა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პურის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებს არაერთი შეხვედრა ჰქონდათ ფქვილის ფასთან დაკავშირებით. "პურის ფასი არ გაძვირებულა. ამაზე არც ტარიფებს უმოქმედია, არც ფქვილის ფასს და არც სხვა გარემოებას. ჯერჯერობით მოცემულობას არ ვცვლით, ვფიქრობ, რომ ეს იქნება უცვლელი. ბაზარზე რამდენიმე პატარა საცხობის მიერ ფასის გაზრდის ფაქტები იყო, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად უმნიშვნელო, სულ იყო ორი შემთხვევა. მასიურად პურის ფასის ზრდა არ დაფიქსირებულა. ჩვენი მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს ამ თემას და თუ რაიმე საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან დახმარების კუთხით ჩარევა, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება პურის შეფუთვას, მინისტრი ამბობს, რომ ყველა სახის პურის შეფუთვა სავალდებულო არ გახდება. "ნებისმიერ პროდუქციას და მათ შორის პურს აქვს სასაქონლო ზედნადები, რომელიც არის ანოტაცია თუ რას შეიცავს, რა შემადგენლობის ან რა კატეგორიის არის. პურის რეგლამენტზე მუშაობა დასრულებულია და მიმდინარეობს სარეკომენდაციო ბაზის დამუშავება. დღეს პური არის ხარისხიანიც, შეიძლება იყოს ნაკლებად ხარისხიანიც, მაგრამ მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს. როგორც რძისა და რძის პროდუქტების ნაწილში გავაკეთეთ, ანალოგიური ღონისძიებები გატარდება პურის ნაწილშიც", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.