ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება

საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება და შეიძლება ძალიან კარგი რეზულტატი მივიღოთ, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აცხადებს.

მინისტრმა ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს გააცნო. როგორც გელა დუმბაძემ განმარტა, უახლოეს პერიოდში საფრანგეთში გაიმართება კომისიის სხდომა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე მუშაობს. კომისიის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შევიდა.  მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა თანხების მობილიზება ლევილის მამულის შეფასებითი და დიაგნოსტიკური სამუშაოებისთვის და ამ მიზნით გამოყოფილია 107 ათასი ევრო. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებელი პირობაა, ვიდრე მამული საქართველოს გადმოეცემა.

"ასევე მიღწეულია შეთანხმება ლევილის მამულის მოწყობის შესახებ, რომელიც ვილა მედიჩის ტიპის ორგანიზაციად იქნება წარმოდგენილი, სადაც მუდმივი როტაციის პრინციპით, ქართველ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს საშუალება ექნებათ, ქართულ-ფრანგულ კულტურულ, სამეცნიერო თემებზე გააკეთონ მოხსენებები, დისერტაციები. ეს არის 5 ათასი კვ.მ ევროპის შუაგულში", - განაცხადა გელა დუმბაძემ.