ქართველი და კოლუმბიელი ფერმერების გაცვლითი სემინარი იმართება

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მეორე ტრიენალეს – "SOS- თვითორგანიზებული სისტემები" ფარგლებში ქართველი და კოლუმბიელი ფერმერების გაცვლითი სემინარი და გამოფენა იმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია CCA-ს (თანამედროვე ხელოვნების აკადემია, თბილისი), Connact-ისა (შვეიცარული ორგანიზაცია) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერით" ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია "ოქსფამი" ახორციელებს. ღონისძიების თანადაფინანსებას ახდენენ HEKS-EPER (შვეიცარია), "თხილის სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოწარმოების ჯაჭვის აწყობა მცირე ფერმერებისათვის საქართველოში" პროექტი და "Bread for the World" (გერმანია), რამაც შესაძლებელი გახადა გამართულიყო გამოფენა და გაცვლითი სემინარი – "მინდა მოგითხროთ ამბავი", ქართველი და კოლუმბიელი ფერმერების მონაწილეობით. ფერმერების გაცვლითი სემინარი გურჯაანში იმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ENPARD-ის და HEKS-EPER-ის პროექტში ჩართული ქართველი ფერმერები, აგრეთვე კოლუმბიელი ფერმერები ლას პავასის რეგიონიდან.

პარალელურად, 1-2 ოქტომბერს თბილისში მიმდინარე ტრიენალე აუდიო-ვიზუალურ გამოფენას უმასპინძლებს, სადაც აქცენტი გაკეთდება იმ ფერმერთა ცხოვრებაზე, რომლებიც პალმის ზეთის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან ზეწოლას განიცდიან და თვითორგანიზების გზით, მისთვის მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. გამოფენისა და გაცვლითი სემინარის საშუალებით, კოლუმბიელი ფერმერები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება კულტურულ თვითმყოფადობაზე დაყრდნობით თვითორგანიზების მიღწევა და ადვოკატირება.

"იმისათვის, რომ უკეთ გაანალიზონ და წარმოადგინონ ადგილობრივი პრობლემები, ფერმერებს სჭირდებათ საერთაშორისო კონტექსტის უკეთესი ცოდნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა მიწაზე ხელმისაწვდომობა, თვითორგანიზება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზეგავლენის მოხდენის გზები. ამ პრობლემების მოგვარების მეთოდები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, თუმცა ძირითადი პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის მაინც მსგავსია: მიწით სპეკულირება და ცუდად განვითარებული მიწის კანონმდებლობა, რაც ადგილობრივი თემების მიწაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს. მიწაზე ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობაა", - მიიჩნევენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.