ახალციხესა და ასპინძაში 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება დანაკარგი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ, ის ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს.

პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.