კახა კალაძე: გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც ,,გაზპრომთან" დაკავშირებით ატყდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ატყდა და ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიაჩნია.

"ჩვენ წლებია "გაზპრომთან" გვაქვს ურთიერთობები. ეს ურთიერთობები გრძელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და დარწმუნებული ვარ მივიღებთ მომავალშიც. ეს მიზანმიმართულ, რაღაც პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის გადაყვანა მიმაჩნია არასწორად. გარდა "გაზპრომისა", ჩვენ გვაქვს მჭიდრო, კარგი ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან. ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში, როცა ყველაზე ძალიან გვიჭირს, ჩვენ შემოგვაქვს რუსეთიდან, ამიტომ პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის განხილვა არასწორად მიმაჩნია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, "გაზპრომთან" შეხვედრა ბრიუსელში ჰქონდა და ეს არავისთვის დამალული არ ყოფილა. "მქონდა შეხვედრა "გაზპრომის" წარმომადგენლებთან, ეს დამალული არ ყოფილა. ბრიუსელში, ევროპის ცენტრში მქონდა შეხვედრა და ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად ყოველ წელს იმართებოდა", - დასძინა ენერგეტიკის მინისტრმა.