ნოდარ ხადურმა ინვესტორების ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ინვესტორების ჯგუფთან და კომპანია "Bank of America Merrill Lynch"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს.

სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პრივატიზაციის მიმართულებით გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "Bank of America Merrill Lynch"-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ.