უსაფრთხოა თუ არა ე.წ. ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენება

ვაკე-საბურთალოსთან დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზაზე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგა. თუმცა, გზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები პარალელურად ისევ მიმდინარეობს.

სპეციალისტების თქმით, სტიქიის ზონაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაუშვებელია, რადგან მომავალში მსგავსი სტიქიური მოვლენის განმეორება გამორიცხული არ არის. მიუხედავად რეკომენდაციებისა, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მაინც გრძელდება. სამშენებლო კომპანიამ „რედკო“ ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები ორი თვის წინ განაახლა.

როგორც bpn-ს კომპანიაში განუცხადეს, მშენებლობის ნებართვა 13 ივნისის სტიქიამდე აქვთ მიღებული. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული სპეციალური კომისიის მიერ შედგენილ წითელ ნახაზებში აღნიშნული ტერიტორია არ მოხვდა. შესაბამისად, მშენებლობაც განაახლეს. კომპანია “რედკო“ 16-სართულიან კორპუსს აშენებს.

„სტიქიის დროს ჩვენი ტერიტორია არ დატბორილა და არ დაზარალებულა. უბრალოდ ზარალი მოგვადგა იმ კუთხით, რომ სამშენებლო მასალები მშენებლობის წინ ელაგა, რომელიც წყალმა წაიღო. წყალმა წაიღო ერთი მანქანაც. მერიამ ნებართვა გასცა მშენებლობის გაგრძელებაზე. ვინაიდან წითელ ხაზებში არ მოვხვდით, ვაგრძელებთ მუშაობას. კორპუსს ვადებში ჩავაბარებთ. 11 სართული უკვე აშენებულია. სტიქიის განმეორების შანსი ძალიან მცირეა, რადგან როგორც იცით, მსოფლიო ბანკმა დააფინანსა დამბის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქია მოხდა, მეწყერსაშიშ ზონებში წყალი მაქსიმალურად ცოტა წამოვა. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ეს ტერიტორია მაქსიმალურად დაცული იქნება. ხოლო წითელ ხაზებში, სადაც ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი მოხვდა, მშენებლობა დაუშვებელია,“ - განმარტავენ „რედკოში“.

bpn დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი და უსაფრთხოა სტიქიური ეპიცენტრის ზონაში კორპუსის მშენებლობა და შესაბამის უწყებებს, ასევე, სპეციალისტებსაც დაუკავშირდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიაში გვითხრეს, რომ სამშენებლო კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს და  შესაბამისად, მშენებლობასაც ახორციელებს.

„ალბათ, გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მშენებლობის განახლება იმ ტერიტორიაზე დაშვებულია“, - დასძინეს მერიაში.

bpn კომენტარისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, მშენებლობის ნებართვებს მერია გასცემს და არა - სამინისტრო.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციები შევიმუშავეთ. მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის ზედამხედველობის სამსახური, არქიტექტურის სამსახური არსებობს. შესაბამისად, ნებართვებს გარემოს დაცვის სამინისტრო არ გასცემს. კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე თუ გაინტერესებთ რა დასკვნა გასცეს გეოლოგებმა, ოფიციალური წერილით მოგვმართეთ“, - გვითხრეს სამინისტროში.

bpn-მა უკვე გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო კანონით დადგენილ ვადებში მოგვაწვდის, რომელსაც მკითხველს აუცილებლად ვაცნობებთ. მანამდე კი, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშნებლობა და ადამიანების იქ ცხოვრება, ამის შესახებ სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან მსგავსი სტიქიის განმეორების საშიშროება კვლავაც არსებობს:

„ვერეს ხეობა გეოლოგიურად საშიში ზონაა. იქ დასახლება დაუშვებელია, სადაც მდინარის კალაპოტია და ჭალაა, მშენებლობა არ შეიძლება. ჩემთვის გაუგებარია იმ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა შესაბამისმა უწყებამ რატომ გასცა. მსგავსი სტიქია შეიძლება ნოემბერშიც განმეორდეს და მსგავსი ტრაგედია გამორიცხული არ არის. გაზაფხულზე, როცა თოვლი დნობას დაიწყებს, მდინარე ვერე კვლავ ადიდდება. ამიტომ, იმ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია. ამაზე სპეციალისტების რეკომენდაციებიც არსებობს. როგორც ჩანს, ამ რეკომენდაციებს არავინ ითვალისწინებს და შესაძლო შედეგებზეც არ ფიქრობენ,“ - ამბობს ნინო ჩხობაძე.

უჩა ზვიადაძე, გეოლოგი: „მრავალსართულიანი და დიდი დატვირთვის მქონე ნაგებობების აშენება იმ ტერიტორიაზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. გეოლოგიურ ლიტერატურაში, მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპირო, დაწყებული ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე, მეწყერსაშიშ ზონად ითვლება, ხოლო მეწყერსაშიშ ფერდობზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა, მშენებლობა იქ მაინც მიმდინარეობს და შესაბამის დასკვნას ვინ გასცემს, არ ვიცი. შემოდგომის მოსული ნალექი ზომიერია და ანომალური არ არის. ამდენად, ეს ვერეს ადიდებას ვერ გამოიწვევს. თბილისისთვის ყველა სახიფათო გზაფხულზე მოსული უხვი ნალექია, მაისის მიწურულიდან, ივნისის შუა რიცხვებამდე.“

მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის გამომწვევი მიზეზების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის (2015 წელი, 9 ივლისი) შესაბამისად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა მიმდებარე ტერიტორიის შემდგომი უსაფრთხო გამოყენების ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც გამოყოფილია ის არეალი, რომელიც წარმოადგენს „მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ ზონას.“ ჰიდროლოგიურ გაანგარიშებებში გათვალისწინებულია 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფული ხარჯი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, bpn კომენტარისთვის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსს რამაზ ჭითანავას დაუკავშირდა. მისი თქმით, პიროვნება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მივლინებაში იმყოფება და როგორც კი თბილისში დაბრუნდება, ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს.

მოგვიანებით, bpn-ს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი მურმან ძაძამია დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს, აღნიშნული ტერიტორია, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, დაიტბორა. მაგრამ კომისიის მიერ შემუშავებულ წითელ ხაზებში ეს ტერიტორია არ მოქცეულა. შესაბამისად, იქ მშენებლობა გაგრძელდა. ბატონი ძაძამია არ გამორიცხავს, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში იქაურობა კვლავ დაიტბოროს.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ადგილი, სადაც 3 თვის წინ ტრაგედია დატრიალდა, მეწყერსაშიში ზონაა. თუმცა, ნათქვამი ნათქვამად რჩება, მშენებლობა კი გრძელდება.

სალომე გოგოხია