აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი დღეიდან საქართველოში მუშაობას შეუდგა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი დღეიდან მუშაობას შეუდგა და განაცხადა, რომ ეცდება, გაზარდოს საქართველოსადმი ADB-ის მხარდაჭერა, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

"2007 წლიდან დღემდე, საჯარო სექტორის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის განვითარების მეშვეობით, საქართველოს მთავრობამ და ADB-მ გააერთიანეს ძალისხმევა ინფრასტრუქტურისა და საქართველოს მოსახლეობისათვის მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მჯერა, რომ სწორედ აღნიშნულ მიღწევებზე დაყრდნობით, პორტფელის ზრდასთან ერთად, გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან", - განაცხადა ელჰან-კაიალარმა.

2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. მიმდინარე წლის დასაწყისში, ADB-მ დაამტკიცა 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რესურსების ათვისების რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული ობლიგაციები, რის შედეგადაც მოიზიდა 100 მილიონი ლარი კაპიტალის ბაზრისა და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად. საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდან გახდა და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებულმა სესხებმა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების სავარაუდო მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის გზით. დაარსდა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნულ რეგიონს წარმოადგენს. 2014 წლის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის დახმარებამ 22.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 9.2 მილიარდი აშშ დოლარი თანადაფინანსების ჩათვლით.